კენიაში 42 ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცი პოლიციის განყოფილებიდან გაიქცა. ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კრიმინალური გამოძიების დირექტორატის ხელმძღვანელმა მოჰამედ ამინმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი კოლინს ჯუმაისი ხალუშა ციხიდან ერიტრეელი ეროვნების 12 პატიმართან ერთად გაიქცა, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის გამო დააკავეს.
პოლიციის დასკვნაში ნათქვამია, რომ პატიმრები 20 აგვისტოს, დილით გაიქცნენ. მათ საკანში მავთულის ბადე გაჭრეს და პერიმეტრის კედელი გადალახეს. პატიმრების გაქცევა მაშინ შეიტყვეს, როდესაც მათთვის საკანში საუზმე შეჰქონდათ.
პოლიციის გენერალური ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გილბერტ მასენგელმა განაცხადა, რომ დისციპლინური ზომები მიიღეს რვა ოფიცრის წინააღმდეგ, მათ შორის ტერიტორიის და განყოფილების მეთაურებისა და მორიგე ოფიცრების წინააღმდეგ.
„წინასწარი გამოძიება მიუთითებს, რომ პატიმრებს გაქცევაში შიგნით მყოფი პირები ეხმარებოდნენ, რადგან ოფიცრები განყოფილების დასაცავად შესაბამისად იყვნენ გადანაწილებულები“, - აღნიშნა მან.
33 წლის ხალუშა ივლისში დააკავეს მას შემდეგ, რაც ნაირობიში პლასტმასის ტომრებში გახვეული 10 გვამი და სხეულის რამდენიმე ნაწილი იპოვეს.
პოლიციის თქმით, მამაკაცმა აღიარა 42 ქალის მკვლელობა, მათ შორის თავისი ცოლის.
ეჭვმიტანილის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აწამეს და აიძულეს, დანაშაული ეღიარებინა, თუმცა თავად ამტკიცებს, რომ დამნაშავე არაა.
0
0