06/06/2023
17:45
მსოფლიო
უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ოლექსი რიაბჩინის განცხადებით, კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგები „შეიძლება ჩერნობილის შედეგების მსგავსი მასშტაბის იყოს“. მისი თქმით, ქვეყანა "ტრაგედიის შედეგების მასშტაბის დადგენას ცდილობს".
”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ტერორისტული აქტია - შედეგები შეიძლება იყოს ჩერნობილის კატასტროფის [1986 წელს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია] მსგავსი მასშტაბის, ანუ გასათვალისწინებელია ბუნების ძალასთან გამკლავების პრობლემა და ის ფაქტი, თუ რამდენი ადამიანი დატოვებს იძულებით სახლს. საქმე მილიარდობით დოლარის ზარალთან გვაქვს,“ - თქვა რიაბჩინმა.
ოლექსი რიაბჩინმა უარყო, რომ კაშხლის აფეთქება უკრაინელების მხრიდან დაბომბვამ გამოიწვია და რუსეთის ბრალდებებს "სისულელე" უწოდა.
"ეს გაკეთდა მიზანმიმართულად, რათა ჩვენი კონტრშეტევა ვერ განხორციელდეს,“ - აღნიშნა რიაბჩინმა.
კითხვაზე, შეაჩერებს თუ არა კაშხლის აფეთქება უკრაინელების კონტრშეტევას, რიაბჩინმა თქვა: ”მე მჯერა, რომ ჩვენი ჯარისკაცები მზად იყვნენ ამისათვის და ჩვენმა მთავარსარდალმა იცოდა ამ გეგმის შესახებ. რუსეთი ამ გზითაც კი ვერ შეუშლის ხელს ჩვენს მცდელობებს უკრაინის სუვერენიტეტის აღსადგენად.“
0
0