15/03/2024
19:50
ბადაგონი
კახეთში, სოფელ იყალთოში, იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.
იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემია დაარსდა საქართველოს საპატრიარქოს, ალავერდის ეპარქიის - აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის, ადგილობრივი მთავრობის, “ბადაგონისა” და მსოფლიო ბანკის ერთიანი ძალისხმევით.
2022 წელს, კომპანია "ბადაგონი" საქართველოს „საპარტნიორო ფონდისა“ და USAID-ის მხარდაჭერით, "შუამთის ტურისტული კარიბჭეს" და იყალთოს “ქვევრის სკოლა-აკადემიის” მმართველი კომპანია გახდა. რომელიც ხელს უწყობს "შუამთის კარიბჭესა" და ქვევრის სკოლა- აკადემიის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ალავერდის მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ტურისტული სექტორის ხელშეწყობას.
როგორც, USAID- ის “ეკონომიკური პროგრამის” ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელმა, ვანო ვაშაყმაძემ, რადიო “სივრცის” ეთერში განაცხადა, ეს არის უნიკალური და არასტანდარტული კომბინაცია, როდესაც ერთიანდებიან, კერძო კომპანია “ბადაგონი”, საპატრიარქო, ალავერდის ეპარქია და USAID -ი, რათა გაიზარდოს კახეთის რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები, განავითარდეს ალავერდის მემკვიდრეობა, როგორც უნიკალური ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელიც აერთიანებს სამ გამორჩეულ ისტორიულ ძეგლს: შუამთას, იყალთოს და ალავერდს.
“ეს არის საინტერესო და უნიკალური კომბინაცია: “ბადაგონი”, საპატრიარქო, ალავერდის ეპარქია და USAID- ი. მოხარული ვართ, რომ “ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ” თავის დროზე დაინახა ინტერესი და შევძელით, რომ ამ საპარტნიორო კონცეფციის ქვეშ შევთანხმდით თანამშრომლობაზე - რომელიც არც თუ ისე სტანდარტულია. ერთის მხრივ USAID- ი, მეორეს მხრივ, ალავერდის ეპარქია - საპატრიარქო და კერძო კომპანია “ბადაგონი”. ერთობლიობაში, საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში, გახდნენ ამის განმახორციელებლები. მოხარული ვარ, რომ ეს პარტნიორობა შედგა. ეს არის ჩვენი მემკვიდრეობის დაცვის გარანტი”, - განაცხადა ვანო ვაშაყმაძემ.
ასევე, ვანო ვაშაყმაძის თქმით, ეს სივრცე უნდა გადაიქცეს გარკვეულ სავიზიტო ბარათად, რომელიც საქართველოში მოგზაურს, მისცემს საშუალებას, განსაკუთრებით კახეთისკენ მოგზაურობის დროს, შეჩერდეს, დაათვალიეროს და ეს შთაბეჭდილება გაიყოლოს.
მან ასევე, ქვევრის სკოლა აკადემიის მნიშვნელობაზე საუბრისას, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ "ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს” იუნესკომ, მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა, რაც ამ სკოლის ფუნქციონირების მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.
ქვევრის სკოლა-აკადემიის გახსნის შემდეგ ფუნქციონირებას დაიწყებს ტექნოლოგიურად აღჭურვილი საგამოფენო და სალექციო სივრცე, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, შეისწავლონ როგორც ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდები, ასევე თიხის დამუშავება და კერამიკული ნაკეთობების დამზადება. ყოველივე ეს, კიდევ უფრო საინტერესოს გახდის რეგიონს ტურისტებისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, კომპანია “ბადაგონის” დამფუძნებელი, გიორგი სალაყაია, ალავერდის ეპარქიის წინამძღვარი - აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ადგილობრივი მთავრობა და USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლები.
მეუფე აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, მადლობა გადაუხადა პროექტის იდეის შემქმნელებს და განაცხადა, რომ უახლოეს ხანში, ქვევრის სკოლა-აკადემია სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას.
“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ფონდს, თითოეულ წარმომადგენელს და ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მადლით და რწმენით მიიღო მონაწილეობა. სასიხარულოა რომ, ბევრი წლის განმავლობაში დაყოვნებული პროექტი, ღვთის მადლით განხორციელდა. აკადემიის ფუნქციონირების დაწყების პირველი ეტაპი წარმატებით გავიარეთ და მჯერა, რომ ყველა ნაფიქრი იდეის შედეგი და გვირგვინი იქნება ის პირველი ქვევრი, რომელიც სულ ცოტა ხანში გამოცხვება ” - განაცხადა მეუფე აბბამ.
აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ "საპარტნიორო ფონდთან" თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია „ბადაგონმა“, უზრუნველყო პროექტის ტექნიკურ განხორციელება და შეიმუშავა საინვესტიციო გეგმა, რათა ქვევრის სკოლა - აკადემიას დაეწყო ფუნქციონირება.
როგორც, მეღვინეობა “ბადაგონის” დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ ღონისძიებაზე განაცხადა, ქვევრის სკოლა - აკადემიაში იფუნქციონირებს ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი, ნიადაგების შემსწავლელი ლაბორატორია.
“ყველა თაობის ადამიანისთვის წარმოდგენილი იქნება განსაკუთრებული პროგრამა, ტურისტული დანიშნულების ობიექტი. და რაც მთავარია, დღეს ჩვენს ქვეყანას რაც ძალიან სჭირდება, იფუნქციონირებს ნიადაგების შემსწავლელი ლაბორატორია, რომელიც სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არის. მეუფე აბბა ალავერდელი უდიდეს ძალისხმევას დებს ამ საქმეში. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარში ვუდგავართ და ეს იქნება კიდევ ერთი, ძალიან დიდი ნახტომი ჩვენი ქვეყნისთვის მეღვინეობისა და მევენახეობის კუთხით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”,- განაცხადა გიორგი სალაყაიამ.
იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიის გახსნაზე მოწვეულმა სტუმრებმა სკოლის სივრცე დაათვალიერეს და თიხის დამუშავების მასტერკლასსა და თიხის ნიმუშების გამოფენას დაესწრნენ. ღონისძიებას ქართული პოლოფონიური მუსიკალური პროგრამა აფორმებდა.
0
0