08/05/2023
17:45
ტურიზმი
ათი საუკეთესო ღვინის რეგიონი, რომელსაც 2023 წელს უნდა ესტუმრო – ტოპ ათეულში საქართველო პირველ ადგილს იკავებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, სტატიას ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი უდიდესი ღვინის ციფრული პლატფორმა VinePair-ი აქვეყნებს. გამოცემა მკითხველს საქართველოში მოგზაურობას და კახეთში ღვინის დაგემოვნებას ურჩევს.
„საუკეთესო მიმართულებად, საქართველოსთან ერთად, დასახელდა საფრანგეთი, პორტუგალია, პერუ, იტალია, ესპანეთი, ხორვატია, ახალი ზელანდია, კალიფორნია და ტეხასი.
„ღვინის მომზადების უძველესი ტექნოლოგია საქართველოში იღებს სათავეს. ამიტომ სულ არ არის გასაკვირი, რომ ახლა საქართველო ღვინის პოპულარული რეგიონია. ღვინის წარმოების რვაათასწლოვანი ისტორიით საქართველო ღვინის სამშობლოდ არის მიჩნეული. დღეს ქართული ღვინო სწრაფად ხდება პოპულარული და ექსპორტი ყოველწლიურად რეკორდულად იზრდება. ეს ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ტურისტულ ბუმს და ეკონომიკის გაზრდას. ამიტომ თუ ხართ სასმელების მოყვარული, დაჯავშნეთ მოგზაურობა საქართველოში“, – წერს გამოცემის მიმომხილველი ჰანა სტაბი.
„ღვინოში ჩასაძირად კახეთზე უკეთესი რეგიონი არ არსებობს. ეს საქართველოში ღვინის წარმოების საუკეთესო რეგიონია. თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარე რეგიონში საუკეთესო ყურძნის ჯიშებია, მათ შორისაა: საფერავი და რქაწითელი. ღვინის ფერმენტაცია თიხის ჭურჭელში, ქვევრში ხდება. ეს ტრადიცია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული“, – წერს ჰანა სტაბი.
სტატიაში კახეთის მარნები, ღვინის ქარხნები და მუზეუმებია მიმოხილული. მათ შორისაა წინანდლის მუზეუმიც. VinePair-ის ცნობით, წინანდლის მამულში სტუმრებს ვენახებთან ერთად შეუძლიათ დაათვალიერონ 1814 წელს გამოშვებული 15 000 ბოთლი ღვინო“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
0
0