
მაშა მიხაილენკო ქალაქ კიევიდანაა და მეორე დღეა, რაც თბილისის საჯარო ბაღში ირიცხება. უკრაინელ ოჯახს ბაღში რეგისტრაციის პროცედურა დედაქალაქის მერიის და საკრებულოს გადაწყვეტილების შედეგად გაუმარტივდა.
როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, უკრაინელი მოქალაქეებისთვის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივების შესახებ ქალაქის მერის ინიციატივა თბილისის საკრებულომ 18 მარტს დაამტკიცა. წარმოდგენილი საკითხი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე იყო განხილული და ეს პოზიტიური ცვლილება ერთხმად გაიზიარა როგორც პოზიციამ, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. კახა ლაბუჩიძის თქმით, ასეთ დროს აუცილებელია სოლიდარობა.
„უკრაინის მოქალაქეებს, ყველაზე მძიმე პერიოდში, შევთავაზეთ მუნიციპალურ სერვისებზე თავისუფალი და უფასო წვდომა და მზად ვართ მხარდაჭერა მომავალშიც გამოვუცხადოთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
როგორც ბაღების სააგენტოს დირექტორმა, კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, ბაღების მართვის სააგენტო და პერსონალი სრულად არის მობილიზებული იმისათვის, რომ უკრაინიდან საქართველოში ჩამოსულ ბავშვებს გაუმარტივდეთ უცხო გარემოსთან ადაპტაცია.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, კახა ლაბუჩიძემ პატარა აღსაზრდელს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
0
0