02/02/2022
11:36
საზოგადოება
„ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, საბინაო ფონდის შექმნა და მიმდინარე თვეში, 15-16 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით, თუმცა, ცხადია, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც გაჭირვებასთან, უსახლკარობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ სახელმწიფო მიწები როგორმე მიიტაცონ. შემდეგ, ტელევიზიით გამოდიან და საუბრობენ თავიანთ გაჭირვებაზე.
ერთ-ერთი ასეთი ფაქტი და მაგალითი გვქონდა ბოლო შემთხვევაში, როდესაც დემონტაჟს ვახორციელებდით, რადგან სახელმწიფო მიწები იყო მიტაცებული. ერთ-ერთი პიროვნება საუბრობდა თავის გაჭირვებაზე, მაშინ, როდესაც ადამიანს 2015 წელს მუნიციპალიტეტისგან მიღებული აქვს 356 000-ლარიანი დახმარება. დიახ, მეგობრებო, არ მოგესმათ - 356 000-ლარიანი დახმარება.
ამ ადამიანს, ასევე, 3 საცხოვრებელი ბინა აქვს ვაკის რაიონში. არ იფიქროთ, რომ ვიღაცას რაღაცას ვუთვლი. ღმერთმა ყველას მისცეს შესაძლებლობა, საშუალება და ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ თაღლითობის საშუალებას არავის არ მივცემთ, ყოველთვის წინ აღვუდგებით უკანონობას. კანონი ყველასთვის ერთია. ჩვენ ადამიანებს, რომელთაც უჭირთ და თანადგომა და დახმარება სჭირდებათ, ყოველთვის მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით. მე ძალიან კარგად ვიცი, რა არის გაჭირვება და რა არის წარმატება - ყველაფერი გამოვლილი და გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე.
შესაბამისად, ისეთ ოჯახებსა და ადამიანებს, რომელთაც ჩვენი მხრიდან თანადგომა სჭირდებათ, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო ყოველთვის გაუწვდის ხელს, ვიდრე მათ ნორმალური სოციალური პირობები არ მიეცემათ. ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით ასეთ ოჯახებსა და ადამიანებს, მაგრამ თაღლითობის შესაძლებლობას არავის მივცემთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არსებობს ისეთი პროგრამაც, რომლის მიხედვითაც, ვიდრე უსახლკარო ადამიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი არაა, ადგილობრივი რაიონული გამგეობები აძლევენ საშუალებას, რომ ბინები იქირაონ.
0
0