03/10/2023
12:52
მსოფლიო
რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებით, ის მზად იქნება, კათოლიკური ეკლესიის სახელით, ერთსქესიან წყვილებს შორის კავშირი აკურთხოს.
„ერთსქესიან წყვილებს შორის კავშირის კურთხევის მოთხოვნა პასტორალური ზრუნვის სისტემის გათვალისწინებით უნდა განიხილებოდეს. ჩვენ ვერ ვიქნებით მოსამართლეები, რომლებიც მოთხოვნას არ აკმაყოფილებენ. თუმცა ეკლესია კვლავ ობიექტურად მიიჩნევს, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობა ცოდვაა და მათ შორის ქორწინებას არ აღიარებს,“ - უპასუხა რომის პაპმა კარდინალების ჯგუფს, რომლებმაც მისგან ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო განმარტება მოითხოვეს.
რომის პაპის განმარტებით, ეკლესიას ესმის, რომ ქორწინება "ექსკლუზიური, მყარი და განუყოფელი კავშირია მამაკაცსა და ქალს შორის" და წყვილმა თავი უნდა შეიკავოს "ნებისმიერი სახის რიტუალისგან ან საიდუმლოებისგან, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ რწმენას".
„ერთსქესიან წყვილებს შორის კავშირის კურთხევის თხოვნა ინდივიდუალურად უნდა განიხილებოდეს. მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც გარკვეულ გარემოებებში შეიძლება იყოს პასტორალური ზრუნვის ნაწილი, აუცილებლად ნორმად არ უნდა იქცეს და ვერც იქცევა. კანონიკური სამართალი არ უნდა მოიცავდეს ყველაფერს. ეკლესია ადამიანებთან ურთიერთობას ყოველთვის სიკეთით, მოთმინებით, გაგებით, სინაზით და გამხნევებით უნდა მიუდგეს", - დასძინა რომის პაპმა.
მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ბელგიასა და გერმანიაში, ეპისკოპოსებმა მღვდლებს ერთსქესიან წყვილებს შორის კავშირის დალოცვის უფლება მიანიჭეს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, ეკლესიის ხელისუფლების პოზიცია გაურკვეველი დარჩა. 2021 წელს, ვატიკანის დოქტრინალურმა ოფისმა აღნიშნული პრაქტიკის დაშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
0
0