06/06/2023
11:45
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გმობს ამ დანაშაულს.
მისივე თქმით, ომის დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.
„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, „ნოვა კახოვკას“ კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.
0
0