
კატარში მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებისას 49 წლის ამერიკელი ჟურნალისტი, გრანტ უოლი გარდაიცვალა.
უოლი არგენტინა - ნიდერლანდების მატჩს აშუქებდა, როდესაც თავი შეუძლოდ იგრძნო. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მედიის ცნობით, ჟურნალისტს გულის შეტევა დაემართა.
კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორების ცნობით, ჟურნალისტს, რომელიც პრესის ოთახში გახდა შეუძლოდ, ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდაცვალების შესახებ განცხადება გამოაქვეყნეს აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციამ და სახელმწიფო დეპარტამენტმა.
უოლი მსოლფიო ჩემპიონატის გაშუქებისას ყურადღების ცენტრში აშშ - უელსის მატჩის დროს მოექცა - ჟურნალისტი სტადიონზე უსაფრთხოების თანამშრომლებმა დააკავეს, რადგან მას LGBTQ+ თემის მხარდასაჭერად ცისარტყელას გამოსახულებით მაისური ეცვა.
გრანტ უოლი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი იყო. მსოფლიო ჩემპიონატი მან პირველად 1994 წელს გააშუქა, 1996 წელს კი Sports Illustrated-ს შეუერთდა. კატარის მსოფლიო ჩემპიონატი უოლისთვის მერვე იყო.
0
0