
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„შემოდგომაზე ჩვენმა ფეხბურთელებმა ბევრი თამაში ჩაატარეს, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე და ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გადაღლა ეტყობოდათ. ახლა, იმედია, ბევრად უფრო დასვენებულები იქნებიან.
სამწუხაროდ, სომხეთთან პირველ მატჩს გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ, მაგრამ ორივე მათგანი შეკრბებაზე ჩვენთან იქნება. მათ არყოფნაში სხვა ფეხბურთელებს მივცემთ შანსს, მათ შორის, საბა გოგლიჩიძეს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშა.
სომხეთთან დაპირისპირება ისტორიულია, კავკასიური დერბია და წინ რთული თამაშები გველის. მაგრამ ჩენ C ლიგის დონის გუნდი არ ვართ და აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ადგილი B დივიზიონში.
კაშიას არყოფნაში ერევანში კაპიტნის სამკლავურით გუნდს პირველად გაიყვანს ოთარ კიტეიშვილი, ხოლო საპასუხო მატჩში გურამი დაბრუნდება და კაპიტანი ის იქნება. თუმცა, შესაძლოა, შემდეგი კაპიტანი სწორედ ოთარ კიტეიშვილი გახდეს.
მამარდაშვილსა და „ვალენსიას“ რთული პერიოდი აქვთ, მაგრამ ვიცით გიორგის შესაძლებლობები და გვჯერა, რომ ჩვეულ ფორმას მალე აღიდგენს. კვარაცხელიას რაც შეეხება, ხვიჩა პსჟ-ში ბედნიერია, დაცვაშიც ბევრს შრომობს“.
სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს. 20 მარტს შეხვედრა ერევანში გაიმართება, ხოლო 23-ში – თბილისში. მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
0
0