13/12/2021
10:04
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩმა 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უარი, მაშინვე მოეწერა ხელი შეთანხმებაზე, შეცდომა იყო.
„19 აპრილის შეთანხმებამ შეძლო პარლამენტის ექვსთვიანი ტოქსიკური ბოიკოტის დასრულება. მან ასევე დაადასტურა კომპრომისის უპირატესობა კონფლიქტთან შედარებით, რაც მნიშვნელოვანია. შეთანხმებამ განსაზღვრა, ასევე, რეფორმებისა და სხვა ღონისძიებების მიმართულება, რათა საქართველოს პროევროპული და დემოკრატიული გზა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ მნიშვნელობას ამ შეთანხმებას და ვისურვებდით მის განხორციელებას.
პირადად მე მიმაჩნია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უარი, მაშინვე მოეწერა ხელი შეთანხმებაზე, შეცდომა იყო. ასევე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დიდი შეცდომა იყო მმართველი პარტიის შეთანხმებიდან გამოსვლა. რაც შეეხება დისკუსიას, უნდა იყოს თუ არა ეს შეთანხმება შესრულებული, მინდა ყველას შევახსენო, რომ სხვადასხვა დროს პარლამენტის 150 წევრიდან 147-მა ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამაზე მეტი კონსენსუსი რაღა უნდა იყოს?! იგივე შეეხება 2%-იან ბარიერს შემდგომი არჩევნებისთვის, რაც ასევე 19 აპრილის შეთანხმებითაა გათვალისწინებული; აქაც, 126-მა პარლამენტის წევრმა სხვადასხვა პარტიიდან მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. და ეს სულ რაღაც სამი თვის წინ მოხდა, დაპირისპირების ფონზე მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ასეთი მოვლენები იმდენად იშვიათია, რომ მათ ალბათ მეტი გაფრთხილება და შემდგომი ხელშეწყობა სჭირდება და არა უარის თქმა, თან ასე იოლად“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
0
0