
ძალიან კარგი იქნებოდა, ოპოზიცია აქ ყოფილიყო, მაინტერესებს, რამდენად ექნებოდათ გამბედაობა, ჩემთვის თვალებში შეეხედათ, ბევრი კითხვა მექნებოდა და დარწმუნებული ვარ, პასუხს ვერ გამცემდნენ, – ამის შესახებ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილმა, ბესარიონ ხარძიანმა პარლამენტში, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ხარძიანმა აღნიშნა, „ოპოზიცია მომავალი თაობის სისხლის მოწამვლით არის დაკავებული“. მისივე თქმით, ის იზიარებს ოპოზიციის დღევანდელ მდგომარეობას.
„სწორი არ იქნება, ჩემი დღევანდელი სიტყვა გულწრფელი მადლობით არ დავიწყო. მადლობა, რომ როგორც იქნა ეს კომისია შეიქმნა. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება და განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებული ოჯახები ამ დღეს დიდი ხანი ველოდით და როგორც იქნა, დადგა, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. ასევე, მადლობა, რომ მამაჩემის, ბესო ხარძიანის სახელი, გვარი და მისი პიროვნება მოხვდა იმ სიაში. რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მოხვედრილა მისი მძიმე ისტორიებიდან გამომდინარე.
ერთი მხრივ, ძალიან რთულია ნაწამები და შემდეგ უკვე მოკლული კაცის შვილისთვის აქ ჯდომა, ამაზე თქვენ წინაშე საუბარი. მეორე მხრივ, ამაყი ვარ, რომ თავაწეული ვზივარ. მე ამ სავარძელს სიმართლის სკამად მოვნათლავდი, არ ვზივარ საბრალდებო სკამზე და ამისთვის მადლობა მამაჩემს, რომ დღეს მე ბესო ხარძიანის სიმართლეს წარმოვადგენ. ყველა სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ, როგორც ამ შენობაში, ისე ამ შენობის გარეთ. ძალიან კარგი იქნებოდა, თქვენი კოლეგა ოპონენტები, მხედველობაში მაქვს ოპოზიცია, ის ვაჟბატონები და ქალბატონები აქ ყოფილიყვნენ დღეს. პირველ რიგში, მაინტერესებს, რამდენად ექნებოდათ იმის გამბედაობა, ჩემთვის თვალებში შეეხედათ და ჩვენნაირი ხალხისთვის, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მრავლად მოვლენ და ბევრი არიან ქვეყანაში. მათ ამის გამბედაობა არ ჰყოფნით და ფაქტი სახეზეა. ბევრი კითხვა მექნებოდა მათთან და დარწმუნებული ვარ, პასუხს ვერ გამცემდნენ. არ მინდა, დღეს პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო, ამისთვის არ ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ისინი ჩემნაირი გოგო-ბიჭების, ახალგაზრდა, მომავალი თაობის სისხლის მოწამვლით არიან დაკავებული, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მე მათ მდგომარეობას ვიზიარებ. დღევანდელი ჩემი მდგომარეობა მირჩევნია მათ მდგომარეობას, თუნდაც პოლიტიკურს, თუნდაც ადამიანურს“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.
2015 წლის 28 მარტს ბესიკ ხარძიანს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და სადარბაზოში მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით ზურგში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ნიღბიანმა მკვლელმა ტერიტორია მოპედით დატოვა და მიიმალა. ბესიკ ხარძიანი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა. გურბანოვი ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ ის საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში აიყვანეს, სექტემბერში კი მოხდა მისი ექსტრადიცია საქართველოში.
0
0