
ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხია, გადაწყვეტილების მიმღებებს ვუთხრათ, რომ მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ კანონპროექტში ვხედავთ ძალიან დიდ რისკებს და შეიძლება, ეს რისკები მალე დადგეს, უახლოეს თვეებში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
„ჩვენი მიზანია, ხმა მივაწვდინოთ იმათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს და ამით პატივისცემაც გამოვხატოთ, რადგან ეს დისკომუნიკაცია არ არის კარგი და არ უხდება საქმეს. ტელევიზია სპეციფიკური, რთული საკითხია და ვერც ერთი ადამიანი ვერ დაიჩემებს, რომ ის სრულად ფლობს მთელ ინფორმაციას. ეს კომუნიკაცია აუცილებელია და დღესაც ამიტომ მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და იმედს ვიტოვებ, შედგება ეს კომუნიკაცია. უამრავი კითხვაა, თუ ამ კითხვებს პასუხები გაეცემა, ჩვენც ეს გვინდა. ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხია, გადაწყვეტილების მიმღებებს ვუთხრათ, რომ ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან დიდ რისკებს და შეიძლება, ეს რისკები მალე დადგეს, უახლოეს თვეებში“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, მდაბიო პოლიტიკური ხერხია, თითქოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ბევრი ფული უნდა.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის რაღაც გაუმაძღარი ორგანო, რომელიც ფინანსების მომატებას ითხოვს. ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ამით ხდება ინსინუაცია და ამ პოლიტიკური ხერხის გამოყენება არასწორია. მე ვიტყოდი, ეს მდაბიო პოლიტიკური ხერხია, თითქოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ბევრი ფული გვინდა და ამდაგვარი რაღაცები. ასეთი ცუდი შედარებებით ნებისმიერი ინსტიტუტის გაუქმებაზე შეიძლება ლაპარაკი. ჩვენ ვსაუბრობთ დაფინანსების სქემაზე. ევროპის ყველა ქვეყანაში სქემა ერთ პრინციპზეა აწყობილი, რომ შენ ყოველწლიურად არ იყო დამოკიდებული მოლაპარაკებებსა და თათბირებზე. ეს არის უმთავრესი. დაფინანსება მეტი იქნება, თუ ნაკლები, ეს სხვა საკითხია. ორს რომ ორზე გაამრავლებ, ოთხია და სამს რომ სამზე გაამრავლებ, ცხრა, მაგრამ აქ იმაზეა საუბარი, რომ შენ ზუსტად უნდა იცოდე, რას იღებ, ანუ ცვლადზე უნდა იყოს მიბმული. ასე იღებს გადაწყვეტილებას ევროპის ყველა კანონმდებელი. შენ როგორც კი მიბმული ხარ სხვა უწყებაზე, შეიძლება, იმ უწყებამ ძალიან ბევრი თანხაც მოგცეს, მაგრამ ეს ისეთივე ცუდი იქნება, როგორც ნაკლები თანხის მოცემა, რადგან ვინც თანხას იძლევა, ცხადია, სარედაქციო პოლიტიკასაც ის განმარტავს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
0
0