
ახალგაზრდა პოეტი და რეჟისორი, გიორგი არაბული, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის პარალელურად მიმდინარე პროცესებს, სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
არაბული მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ისტორიულ ფაქტს იხსენებს და ისტორიულ ფოტოს აქვეყნებს.
გიორგი არაბული წერს:
"• 1936 წელს ხევსურეთს “ამერიკელი ჟურნალისტი” ცოლთან ერთად ესტუმრა. ადგილობრივები გაუმასპინძლდნენ და დღეობაზე მიიწვიეს, სადაც საუბარი ისტორია-ეთნოგრაფიის გარდა ქვეყნის მომავალსაც შეეხო.
• ხევსურები ამბობდნენ, რომ ისინი არ შეეგუებოდნენ ანექსიას და დამპყრობლის წინააღმდეგ აუცილებლად აჯანყდებოდნენ. ყველა, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა დააპატიმრეს და დახვრიტეს 1937 წელს, როგორც “უცხოური გავლენის აგენტი”.
• შეგზავნილი “ჟურნალისტი” ქართველი კომისარი აღმოჩნდა, რომელიც დაკითხვებს ხევსურებთან თვითონ აწარმოებდა.
• სასამართლოს დასკვნა: “… მონაწილეობას იღებდნენ ხევსურეთში კონტრრევოლუციური აჯანყების მომზადებაში, ამისათვის აწარმოებდნენ კ/რ აგიტაციას და ცდილობდნენ
საზღვარგარეთთან არალეგალური კავშირის დამყარებას…”
• ამ საქმეში მონაწილეობისთვის თოთხმეტი ხევსური დააპატიმრეს და დახვრიტეს.
* * *
• დღეს განსახილველი კანონის ერთ-ერთი მუხლი: “… ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია სხვა ნებისმიერი პირის ინფორმირებაში ან მისთვის რჩევის მიცემაში საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკასთან… დაკავშირებით” - ღერენა ლიქოკელი ამ მუხლით დააპატიმრეს და დახვრიტეს 1937 წელს. /ღერენას ჩვენებიდან: “კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში ზვიადა ლიქოკელი მე არ გადამიბირებია, მე მხოლოდ ვაცნობე.”/
• ეს კანონი არ ეხება - “პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა”.
• რას ნიშნავს კეთილსინდისიერად? ან ვინ დაადგენს ამას? თუ ვიღაც ცენზორი გადაწყვეტს, რომ ჩემი ტექსტი, კომენტარი, კვლევა, ლექსი, მოთხრობა, კინო, სპექტაკლი, სტატია - არაკეთილსინდისიერია ე.ი. მე ვარ “უცხოური გავლენის აგენტი”?!
• კანონი თუ მიიღეს, გვეყოლება კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი ხელოვანები.
• “დასმენაზე” ცალკე მუხლია (!)
• ეს არის კანონი, რომელსაც დამპყრობელი ქვეყანა დაპყრობილი ხალხის წინააღმდეგ იყენებდა და იყენებს. - წერს გიორგი არაბული და ფოტოს აქვეყნებს:
ფოტოზე: ზვიად ლიქოკელი, ადადა ლიქოკელი, დათვია ლიქოკელი, ბერდია არაბული /1937 წელი/
0
0