-share.jpg)
კანდიდატის სტატუსი არის დაახლოებით იგივე, რომ დავაკაკუნოთ კარზე და მოგვესმას მასპინძლის ხმა – „მობრძანდით,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
„ანუ, ვიცოდეთ, რომ მას აქვს გაცხადებული ნება, შევიდეთ ამ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში. ჩვენ ამ ეტაპზე, ხატოვნად რომ წარმოვიგინოთ, ვართ კართან, რომელზეც დავაკაკუნეთ და გვაქვს შესვლის სურვილი. ეს ყველაფერი შეიძლება, იმავე იმერულ ეზოსაც შევადაროთ, სადაც ჭიშკრიდან სახლი საკმაოდ მოშორებითაა; როდესაც მასპინძელს დავუძახებთ, მანაც უნდა გამოგვძახოს და დაადასტუროს მზაობა, რომ სახლში მიგვიღოს, მაგრამ გასავლელი გზა საკმაოდ გრძელია. ჩვენ დავაკაკუნეთ ამ ჭიშკარზე და დარწმუნებული ვარ, ეს კარი აუცილებლად გაიღება, თუმცა ვიდრე სახლში მივალთ, ეზოც გასავლელია და თუ რამე შეცდომას დავუშვებთ, მასპინძელს სრული უფლება აქვს, სახლის კარი არ გაგვიღოს“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო ქართული სამართლის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიაზაციაზე აქტიურად მუშაობს.
„ჩვენ გვაქვს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს და, მაგალითად, აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების ექსპერტიზას ევროკავშირის სამართალთან მიმართებაში ატარებს სწორედ იუსტიციის სამინისტრო. ასევე, სამინისტრომ ჰარმონიზაციისთვის შეიმუშავა სახელმძღვანელო, შეიქმნა პროგრამა საჯარო მოხელეებისთვის და სწავლების დაწყება სექტემბრიდან იგეგმება. რაც მთავარია, ჩამოყალიბდა ციფრული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მოხდება ჰარმონიზაციის პროგრამის ერთიანი მართვა და ჰარმონიზაციის პროგრესის მუდმივი განახლება. ეს ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რითიც დაკავებულია იუსტიციის სამინისტრო“, – განაცხადა ბრეგაძემ.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს გაცხადებული სურვილია და ამისთვის უნდა დაკმაყოფილდეს კოპენჰაგენის კრიტერიუმები მას შემდეგ, რაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
„მათ შორის, ერთ-ერთი აქ არის სამართლებრივი მზაობა. სახელმწიფო უნდა იყოს მზად, რომ თავიდან ბოლომდე გადაიღოს ევროკავშირის სამართალი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ გადმოღებული იყოს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არის ევროკავშირში. აქ საუბარია ძირითადი პრინციპების დონეზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.
0
0
გიორგი ლორია ისევ „დინამოში“ ითამაშებს
20/06/2025