07/04/2023
18:02
პოლიტიკა
"ხელისუფლებას მივმართავ, ხალხი იყოს ქუჩაში, პროტესტის განწყობა იყოს და რა ღობემ უნდა დაგიცვათ? ვინ გივარდებათ, ან წინა აქციის დროს ვინ შემოგივარდათ? მშვიდობიანი აქცია იყო და შემდეგ ხალხი დაიშალა. ასეთი მოქმედებებით, უფრო თავს ყიდით, რომ შეშინებულები ხართ", ასე გამოეხმაურა “ტაბულას” დამფუძნებელი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მთავრობის მიერ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
შაბათს, 20:00 საათზე, კანცელარიის წინ ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია უნდა ჩატარებულიყო.
ჩერგოლეიშვილის თქმით, ხელისუფლების ამ ქმედების მიუხედავად, დაგეგმილი აქცია არ ჩაიშლება და ის კანცელარიის ნაცვლად პარლამენტის წინ ჩატარდება.
"უპრეცენდენტო რამეს ვხედავთ კანცელარიის წინ. ჩვენ გვახსოვს, 2003 წელს ცვლილებების წინ, როგორ ამოიშენეს ღობე კიბესთან შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ახლაც გვეგონა, რომ რაღაც მსგავსს აპირებდნენ. თურმე, ამათ გადააჭარბეს ყველაფერს და მთელ ტერიტორიას ღობავენ. ჩვენ ხვალ აქ უნდა გვქონოდა ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია. წინა შაბათს უკვე გვქონდა და ყოველ შაბათს ვაპირებდით, რომ აქ, მისი მხარდასაჭერი აქცია გაგვემართა შერჩევითი სამართლის წინააღმდეგ და არ მიგვეცა სანქცირებული სასამართლოსთვის მისი დასჯის შესაძლებლობა. ხელისუფლებამ მხოლოდ ადგილმდებარეობის გეგმა ჩაგვიშალა, რადგან აქ ღობეს აყენებს, ხოლო ჩვენ პარლამენტთან გადავინაცვლებთ და იმედია, იმაზე მეტი ხალხი მოვა, ვიდრე აქ უნდა მოსულიყო". – ამბობს ჩერგოლეიშვილი.
0
0