17/01/2026
12:36

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ პეკინში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ურთიერთობები ჩინეთთან უფრო პროგნოზირებადი გახდა, ვიდრე შეერთებულ შტატებთან.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ჩინეთი კანადისთვის უფრო პროგნოზირებადი და საიმედო პარტნიორი, ვიდრე აშშ, კარნიმ უპასუხა, რომ ოტავასა და ვაშინგტონს შორის კავშირები „უფრო ღრმაა“, თუმცა ჩინეთთან ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადი გახდა.
„ჩვენი ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან – და ეს ახალი ამბავი არ არის – გაცილებით მრავალმხრივი, უფრო ღრმა და უფრო ფართოა, ვიდრე ჩინეთთან. თუმცა, დიახ, ჩინეთთან ურთიერთობების განვითარების კუთხით, ბოლო თვეებში ეს უფრო პროგნოზირებადი გახდა და თქვენ ხედავთ შედეგებს, რომლებიც ამას მოჰყვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კარნიმ აღნიშნა, რომ პეკინში გამართული მოლაპარაკებების დროს კანადასა და ჩინეთს შორის გაიმართა „გულწრფელი საუბრები“ თანამშრომლობის შესახებ.
ცნობისთვის, 16 იანვარს ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა სავაჭრო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კანადა ჩინურ ელექტროავტომობილებზე ტარიფებს შეამსუბუქებს, რომლებიც მან აშშ-თან ერთად 2024 წელს დააწესა. სანაცვლოდ, ჩინეთი შეამცირებს საბაჟო გადასახადებს კანადის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე.
გარდა ამისა, ახალი შეთანხმება ითვალისწინებს ჩინური ინვესტიციების განხორციელებას კანადის ენერგეტიკასა და სამომხმარებლო საქონლის სექტორში. თავის მხრივ, კანადა გეგმავს ინვესტიციებს ჩინეთის აეროკოსმოსურ ინდუსტრიასა და მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში.
0
0