
კანადაში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ნიუ-იორკში ებრაულ ცენტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი. დაკავებული კანადაში მცხოვრები, პაკისტანის მოქალაქე 20 წლის მუჰამად შაჰზებ ხანია. ის მონრეალის მახლობლად 4 სექტემბერს დააკავეს, თუმცა კანადის პოლიციამ და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ინფორმაცია ახლა გაავრცელეს.
გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილი ნიუ-იორკში ტერაქტს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის წლისთავზე, 7 ოქტომბრისთვის გეგმავდა.
„ეჭვმიტანილმა სავარაუდოდ ნიუ-იორკში მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ტერორისტული თავდასხმა დაგეგმა, რომლის მიზანი იყო „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით, რაც შეიძლება მეტი ებრაელის მოკვლა. გამოძიების ფედერალური ბიუროს მუშაობისა და კანადის სამართალდამცავი უწყებების სწრაფი ქმედებების წყალობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია“, – ნათქვამია აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გერლენდის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანი უკვე მიემართებოდა აშშ-ის საზღვრისკენ, როდესაც ის დააკავეს. მას ბრალს წაუყენებენ როგორც კანადაში, ისე აშშ-ში. დაკავებული მონრეალის სასამართლოს წინაშე 13 სექტემბერს წარდგება.
0
0