
„კანადა მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც სიგარეტის კოლოფებზე ჯანდაცვით გამაფრთხილებელ წარწერებს დაბეჭდავს,’’ - განაცხადა კანადის ჯანდაცვის სააგენტომ.
კანადის ჯანდაცვის სააგენტო Health Canada-ის განცხადებით, თითოეული სიგარეტის ახალ შეფუთვაზე მოცემული იქნება გაფრთხილება ფრაზებით: „სიგარეტი იწვევს კიბოს“ და „ყოველ ნაფაზში შხამია“. რეგულაცია ძალაში 1 აგვისტოდან შევა.
„აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მცდელობის ნაწილია, რომელიც 2035 წლისთვის კანადაში თამბაქოს მოხმარების 5%-ზე ნაკლებამდე შემცირებას ითვალისწინებს. ეს ნაბიჯი 75-დღიან საჯარო კონსულტაციების პერიოდს მოჰყვა, რომელიც გასულ წელს დაიწყო.
ახალი რეგულაციები ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის თამბაქოს პროდუქტებზე აღნიშნული ჯანდაცვითი გაფრთხილებების თავიდან აცილებას,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ჯანდაცვის სააგენტო იმედოვნებს, რომ 2025 წლის აპრილისთვის კანადაში საცალო მოვაჭრეები მხოლოდ იმ თამბაქოს ნაწარმის (ინდივიდუალურ სიგარეტს, სიგარას და თამბაქოს სხვა პროდუქტებს) რეალიზაციას მოახდენენ, რომელზეც ახალი გამაფრთხილებელი ეტიკეტები იქნება მოცემული.
კანადის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მინისტრმა კაროლინ ბენეტმა განაცხადა, რომ თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად დაახლოებით 48 000 კანადელს კლავს.
”ჩვენ ვიღებთ ისეთ ზომებს, რომ მსოფლიოში პირველი ქვეყანა გავხდებით, რომელიც ინდივიდუალური სიგარეტის შეფუთვაზე ჯანმრთელობის დაცვის გამაფრთხილებელ წარწერებს დაურთავს,” - თქვა ბენეტმა და აღნიშნულ ცვლილებას ”გაბედული ნაბიჯი” უწოდა.
2021 წელს ჩატარებული თამბაქოსა და ნიკოტინის მომხმარებელთა ეროვნული კვლევის მიხედვით, კანადაში 15 წელზე უფროსი ასაკის მწეველთა მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ია.
0
0