
რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს ფილიპინებში, ინდონეზიაში, პერუში, ეკვადორში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში და ჩინეთშიც.
ფილიპინების მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ცუნამი ფილიპინების სანაპიროს 30 ივლისს საღამოს დაატყდა თავს. ტალღების სიმაღლემ შესაძლოა ერთ მეტრს მიაღწიოს. ფილიპინების ხელისუფლებამ 20 პროვინციის მცხოვრებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
ინდონეზიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ცუნამი ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზეა მოსალოდნელი. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და სანაპირო ზოლთან მიახლოებას მოერიდონ. ამ ეტაპზე ინდონეზიაში ევაკუაციის შესახებ განკარგულება არ გავრცელებულა.
„ბიბისის“ ცნობით, რუსეთში მომხდარი 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამი ასევე ემუქრება ჩინეთს, სადაც ასევე 30სმ-1 მეტრამდე ტაღლებს პროგნოზირებენ.
ცუნამი ასევე მოსალოდნელია ჰავაიზე, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდებენ, დატოვონ სანაპირო ზოლი. ევაკუაცია ეხება ჰავაის დედაქალაქ ჰონოლულუს მცხოვრებთა ნაწილსაც. აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა ჰავაის პორტებიდან კომერციული გემების ევაკუაციის განკარგულება გასცა. ყველა ნავსადგური ამჟამად დახურულია. ყველა ხომალდს, რომელიც ჰავაის სიახლოვეს იმყოფება, მოუწოდებენ სანაპიროსგან შორს დარჩნენ. ამასთან ერთად, ჰავაის მიმართულებით ფრენების ნაწილი გაუქმდა.
ამასთან, იაპონიაში, ჰოკაიდოში უკვე დაფიქსირდა 30-სანტიმეტრიანი ტაღლები. იაპონიის ხელისუფლებამ წყნარ ოკეანეში სიტუაციის მონიტორინგში ავიაგამანადგურებლები და ვერტმფრენები ჩართო. სტიქიის გამო ევაკუირებული იყვნენ 2011 წლის მარტში დაზიანებული ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები. დროებით შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლების ნაწილის მოძრაობაც. დაზარალებულებისა და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
კამჩატკის სიახლოვეს ძლიერი მიწისძვრა 30 ივლისს ღამით მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია. შედეგად დაიტბორა კურილიის კუნძულებზე მდებარე ქალაქი სევერო-კურილსკი. რუსული მედიის ცნობით, სტიქიის გამო სახალინის რეგიონში, კურილიის კუნძულების ჩრდილოეთით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. მედია ასევე ავრცელებს ცნობას, რომ მიწისძვრის შემდეგ კურილიის კუნძულებზე 2,7 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაზიანდა შენობები.
კამჩატკაზე მიწისძვრის შემდეგ ათეულობით განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.
0
0