
რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ რუმინეთის ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
„ერთად ვუჭერთ მხარს ტრამპი-ვენსის ადმინისტრაციას ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, კერძოდ, მშვიდობის, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ჯორჯესკუმ.
ამასთან, ჯორჯესკუმ აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურის დაბლოკვის მცდელობა არ იქნება წარმატებული.
„მთელი მსოფლიო უყურებს რუმინეთს“, – განაცხადა ჯორჯესკუმ.
ცნობისთვის, კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება ექვსი ბრალდებით, მათ შორის ფაშისტური ორგანიზაციის წევრობისა და საარჩევნო დაფინანსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის. იგი ყველა ბრალდებას უარყოფს.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსეთის შესაძლო გავლენის შიშის გამო გააუქმა.
რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს გამარჯვება არ იყო ბუნებრივი შედეგი და მას სახელმწიფო აქტორის მიერ კოორდინირებული სოციალური მედიის კამპანია ხელოვნურად დაეხმარა გამარჯვებაში. ამასთან, რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 4 მაისსაა დაგეგმილი.
0
0