21/08/2023
11:02
მსოფლიო
კალიფორნია, 84 წლის განმავლობაში პირველად, ტროპიკულ ქარიშხალ „ჰილარისთვის“ ემზადება.
მოსალოდნელი ექსტრემალური ამინდის გამო ლას-ვეგასში, სან დიეგოსა და ლოს-ანჯელესში, ასევე კალიფორნიის მასშტაბით, 1000-მდე ავიარეისი გაუქმდა და შეწყდა ჰოლივუდის მსახიობების გაფიცვა.
სამხრეთ კალიფორნიის ხელისუფლებამ, სულ მცირე, 9 მილიონი ადამიანი ასევე მოსალოდნელი ღვარცოფის, ტორნადოს, ძლიერი წვიმის, წყალდიდობისა და ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ გააფრთხილა.
სან-დიეგოსა და ლოს-ანჯელესში ძლიერი წვიმის შედეგად გადაიტვირთა სანიაღვრე სისტემები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ სამხრეთ კალიფორნიაში, პირველად 2002 წლის შემდეგ, ტორნადოს 5%-იანი რისკი არსებობს.
ზოგიერთ ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა სამხრეთ კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
სუპერმარკეტებში სურსათის მარაგი ამოწურულია.
ქარიშხლის მოლოდინში, დაიხურა დისნეილენდი და ზოგიერთი პლაჟი, გადაიდო ფეხბურთის მატჩები. გადაიდო ახალი სასწავლო წლის დაწყებაც.
სამხრეთ კალიფორნიას კიდევ ერთი სტიქია დაატყდა თავს - აშშ-ის გეოლოგიური კვლევის თანახმად, ქალაქ ოჯაის მახლობლად 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მასშტაბური ზარალის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ტროპიკული ქარიშხალი კალიფორნიას უკანასკნელად 1939 წლის სექტემბერში დაატყდა თავს, როდესაც, ნავების ჩაძირვისა და სახლების ნგრევის შედეგად, 100-მდე ადამიანი დაიღუპა.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024