
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, კახეთის რეგიონში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ამ დრომდე შეზღუდვებია ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
"გუშინ გვიან ღამით, რვავე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური გასულიყო გარეთ, სადაც მიმდინარეობდა თოვლის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის გაშლა. თელავი-გომბორი-ვაზიანის დამაკავშირებელი გზა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ხდება შეზღუდვა ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილებისთვის.
აღსანიშნავია, რომ სიღნაღის, გურჯაანის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ეტაპობრივად მოხდება შესაბამის სოფლებში ელექტროენერგიის აღდგენა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება შეჩერებულია. მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად მოხდება მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა", - აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი.
0
0