
„მახათას პანთეონში დაკრძალულ საზოგადო მოღვაწეთა პირველი საცნობარო წიგნი დაიბეჭდა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.
„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის შესახებ პირველი წიგნი გამოიცა. წიგნი 2018-2023 წლებში მახათაზე დაკრძალულ საზოგადო მოღვაწეთა საცნობარო გამოცემას წარმოადგენს. პროექტი განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „შემოქმედებითი თბილისის“ ფარგლებში და გამოყენებულია ფოტოები საოჯახო ფოტოარქივებიდან. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა „სეზანში“ და წარმოადგენს მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული კულტურული მემკვიდრეობისათვის“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, გამოცემის მიზანი იყო მახათას პანთეონის დაარსებიდან დღემდე დაკრძალული საზოგადო მოღვაწეების შესახებ მაქსიმალურად სრული და სტრუქტურირებული ინფორმაციის თავმოყრა. მისი თქმით, წიგნში წარმოდგენილია მოღვაწეთა ბიოგრაფიული მონაცემები, მათი გარდაცვალებისა და დაკრძალვის თარიღები, გამოსვენების ადგილები და არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია - თუ ვინ იყო კონკრეტული მოღვაწის პანთეონში დაკრძალვის ინიციატორი.
0
0