
სამართლიანი დამოკიდებულება და შეფასება როდესაც არის, რა თქმა უნდა, ყველაფერი ხელისგულზეა – საქართველო არის წინ, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, ახორციელებს რეფორმებს და შედეგებიც ვნახეთ. ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაზე წინ ვართ, კანდიდატ ქვეყნებზე ხომ საუბარიც ზედმეტია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის მიერ პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნებულ კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა და 38-ე ადგილზე გავიდა.
„რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეუქცევადია, მაგრამ როგორც კი შემოდის პოლიტიკური ნარატივი ზოგიერთი ევრობიუროკრატის მხრიდან, მაშინვე არის არასამართლიანი შეფასება. ზოგადად, მათი შეფასებები დაფუძნებულია ტყუილზე, ცილისწამებაზე, არასწორი ინფორმაციების გავრცელებაზე. სამწუხარო რეალობაა ორმაგი სტანდარტი ძალიან ხშირ და ბევრ შემთხვევაში. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი ორი რამ არის: ერთი – საქართველო არ ჩაერთო ომში, არ დაემორჩილა მათ ბრძანებებს, უკრაინას შეხიდებოდა და ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო; მეორე – ქვეყანა არ შეუერთდა იმ ფინანსურ სანქციებს, რომლებიც დამღუპველი, დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნებოდა ქართული ეკონომიკისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ აქვს, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს.
„ომი რას მოუტანდა ჩვენს ქვეყანას, ამის ახსნა-განმარტებას არ დავიწყებ. უკრაინა არის ამის „კარგი“ მაგალითი. როგორ შეიძლება, ვინმეს მოეწონოს ის უბედურება, რაც უკრაინაში ტრიალებს? მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს. სრული კატასტროფა მიიღო ქვეყანამ – დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული, გაუბედურებული სოფლები, ქალაქები, ინფრასტრუქტურა, დაღუპული ადამიანები. უმძიმესია ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გრძელდება შემოტევები, თავდასხმები, მუქარები, რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი პოლიტიკით აუცილებლად შევინარჩუნებთ მშვიდობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ ასევე უპასუხა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას და აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციაში ქართული სახელმწიფოს ინტერესი არ გაიცვლება.
„მიზეზები ავხსენი, რა არის მათი მთავარი მოტივაცია. შემოტევა, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს დასჯის მცდელობა გრძელდება. ვიზალიბერალიზაციაში ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესი არ და ვერ გაიცვლება. ეს არის ჩემი და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება. პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ ბიუროკრატებს იმ ცილისმწამებლურ განცხადებებზე, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენთ. თითქოს დღე და ღამე არ სძინავთ ქართველ ხალხსა და საქართველოსთან დაკავშირებით ფიქრში. ეს აბსოლუტურად ყალბი დამოკიდებულებაა. რეალურად, ამის უკან დგას ის, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, შეუერთდეს სანქციებს, რომელიც დამანგრეველი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. ვერც ამერიკელი, ვერც ევროპელი და ვერც რუსი ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერ და არ გააკეთებს. მათ აქვთ ინტერესი საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ აქვთ საკუთარი ინტერესი. შესაბამისად, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, რადგან საქართველო ჩვენი სამშობლოა. წარმოუდგენელია გარედან ვიღაცების დავალებების შესრულება, თან ისეთი დავალებების, რომლებიც, იცი, რომ დამანგრეველი, დამღუპველი იქნება ამ ქვეყნისთვის, ასევე, მათი ინტერესების გატარება, რომელსაც შეეწირება ეს ქვეყანა და მისი ინტერესები. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ამაზე წამსვლელი არაა და ხელს არ მოაწერს მსგავს გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებას, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში უსამართლობასა და ტყუილზეა დაფუძნებული.
„შინაარსი ხომ აქვს მოთხოვნებს? ეს მოთხოვნები დაფუძნებულია ტყუილზე, უსამართლობაზე. რომელ პოლიტიკურ პატიმრებზე მესაუბრებით, „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ესროდნენ პოლიციელებს? ცოცხლად რომ წვავდნენ, ქვებს ესროდნენ? მოძალადეს ასაკი არ აქვს. როდესაც ხარ დამნაშავე, ისვრი ქვას, ხელკეტს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, შეურაცხყოფას აყენებ და შემდეგ გაქვთ მცდელობა, ასეთი ადამიანი გმირად გამოიყვანოთ? ეს არის რეალობა. ვერ ხვდებით, რა ვითარებაა ზოგადად ქვეყანაში და მსოფლიოში. ამიტომ ხართ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ხართ და ამიტომაც გაქვთ საზოგადოების მინიმალური მხარდაჭერა, ხართ უმცირესობაში. სწორ ანალიზსა და შეფასებებს თუ გააკეთებთ, მიიღებთ პასუხს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0