
თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც რვა წელია, თბილისის თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, იცის, რა პრობლემები აწუხებს თბილისელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებაზე აღნიშნა, თბილისი არა უბრალოდ ქალაქი, არამედ ჩვენი კულტურის, რელიგიის, ტრადიციების, ქართული სულის გამოძახილია.
„დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც ბოლო რვა წელია, თბილისის თითოეული რაიონის, თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, ბედნიერია იმ ცვლილებებით, რამაც თბილისი აქცია თანამედროვე ქალაქად, იცის, რა პრობლემები აწუხებთ თბილისელებს და გულწრფელად სჯერა, რომ თბილისი ამოუწურავი შესაძლებლობების ქალაქია.
კარგად მესმის, რომ თბილისი არ არის უბრალოდ ქალაქი – ის ჩვენი კულტურის, რელიგიის, ტრადიციების, ქართული სულის გამოძახილია. მის უძველეს ქუჩებში საქართველოს ისტორია სუნთქავს. ეს ქალაქი საუკუნეებია, დგას, როგორც გზაჯვარედინი – აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური კულტურის გადაკვეთის სივრცე. თუმცა, ამ მრავალფეროვნებაში მას არ დაუკარგავს თავისი სული, არ დაუკარგავს ეროვნული ღირებულებები. ერთდროულად ქართული იდენტობა და მრავალმხრივი მრავალფეროვნება განსაზღვრავს ჩვენი ქალაქის უნიკალურობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე დღეს ოფიციალურად წარადგინა.
0
0