
მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ საომარი მოქმედებების გამო, ირანელ და ებრაელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და სრულიად რეგიონს მშვიდობა უსურვა.
„საომარი მოქმედებები რეგიონის ყველა ქვეყანას უქმნის საფრთხეს. ამდენად, რასაკვირველია, ვერ ვიქნებით გულგრილნი ამ პროცესისადმი. სამძიმარს ვუცხადებ, როგორც ირანის მოსახლეობას, ისე ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს. ვუსურვებ მათ მშვიდობას. მშვიდობა ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს, რადგან მის გარეშე შეუძლებელია განვითარება და წინსვლა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცე დაიხურა. საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ და დღესაც იმყოფებიან დუბაიში, აბუ დაბიში.
საქართველოს მთავრობამ სპეციალური ჩარტერული რეისები დააორგანიზა. აღნიშნული თვითმფრინავები ომანიდან გამოფრინდებიან. მე გუშინაც ვისაუბრე ჩემს ვიდეო ჩართვაში და დღესაც გავიმეორებ, რომ აუცილებლად უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან. ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, როდესაც საქმე ეხება საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობას და პრემიერ-მინისტრს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა, მადლობა გადაუხადა ქართველ ბიზნესმენებს, რომლებმაც შეძლეს საქართველოს 122 მოქალაქის უსასყიდლოდ გამომგზავრება მასკატიდან თბილისის მიმართულებით, მათ მიერ დაქირავებული კომერციული რეისით.
„ორი დღეა სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით, უამრავი სიცრუე, ცილისწამება ვრცელდება. ყველაფერს კადრულობენ. შემდეგ უკვირთ, რატომ იმყოფებიან იმ მდგომარეობაში, რაშიც არიან. აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს და მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს რეგიონს და მთელ მსოფლიოს. მადლობას გადავუხდი არაბთა გაერთიანებული საამიროების და კატარის მხარეებს ჩვენი მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის. ასევე, ყველა ჩვენს მოქალაქეს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0