
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მისი ყოფილი კოლეგის მიმართ წაყენებული ბრალდების გამო „ღრმად შოკირებულია“. ამის შესახებ აღნიშნულია კაია კალასის წერილში, რომლის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
კალასი თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ „ღრმად შოკირებულია“ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ფედერიკა მოგერინისა და ევროკავაშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ყოფილი გენერალური მდივნის, სტეფანო სანინოს მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო.
„პოლიტიკო“ წერს, რომ კალასი წერილში საუბრობს იმ ანტიკორუფციულ ზომებზე, რომლებიც მისმა გუნდმა დანერგა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში. მათ შორის საუბარია „თაღლითობასთან ბრძოლის სტრატეგიაზე, რომელსაც, კალასის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობისთვის“
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ხელმძღვანელობით კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება მხოლოდ გაუმჯობესდება, ხოლო მიმდინარე პროცესი აჩვენებს, რომ პრევენციული ზომები მოქმედებს“, – აცხადებს კალასი.
ამასთან, კალასი წერილში ასევე ამბობს, რომ 4 დეკემბერს თანამშრომლებს შეხვდება და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი პირების გარშემო აგორებულ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს.
ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ 2 დეკემბერს ჩხრეკა ჩაატარა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების შენობაში და ასევე ბრიუგეში მდებარე „ევროპის კოლეჯში“. საქმე ეხება ტენდერების გარშემო თაღლითობის გამოძიებას.
3 დეკემბერს ამ საქმეზე დააკავა ევროკავშირის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი. მას ბრალი წაუყენეს, რის შემდეგაც მან პოლიცია დატოვა. გამოძიებას მიიჩნია, რომ მოგერინის გაქცევის საფრთხე არ არსებობს.
0
0