
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინაზე ზეწოლა, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებში დათმობებზე წავიდეს, არც უკრაინის და არც ევროკავშირის ინტერესებში არ შედის.
მისი თქმით, „შიშობს, რომ მთელი ზეწოლა მსხვერპლზე განხორციელდება და უკრაინას დათმობებზე წასვლა მოუწევს“.
„ვშიშობ, რომ მთელი ზეწოლა მსხვერპლზე განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას დათმობებზე წასვლა და ვალდებულებების აღება მოუწევს. ვშიშობ, რომ მთელი ზეწოლა სუსტ მხარეზე განხორციელდება, რადგან ეს ომის შეჩერების უფრო მარტივი გზაა, როდესაც უკრაინა დანებდება. თუმცა ეს არავის ინტერესებში არ შედის, არც უკრაინის, არც ევროკავშირის და არც გლობალური უსაფრთხოების ინტერესებში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში წერია, რომ საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლებელია“, – აცხადებს კაია კალასი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არავის უნდა დაავიწყდეს ის ფაქტი, რომ სინამდვილეში ომი რუსეთმა დაიწყო და ის დღემდე ყოველდღიურად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
ამასთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უკრაინის დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების პოტენციურ გამოყენებაზეც ისაუბრა.
„ეს ნამდვილად გააძლიერებს ევროპის პოზიციას მოსკოვთან მიმართებით. ეს ძალიან ნათელია. ჩვენ წინ უნდა წავიდეთ. ცხადია, რომ რუსეთი ვალდებულია, უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის რეპარაციები გადაიხადოს“, – აღნიშნავს კაია კალასი.
0
0