
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთს 15 მილიონ ევროს გამოუყოფს.
„დღეს, მოხარული ვარ, განვაცხადო 15 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ, რომელიც მიმართული იქნება მშვიდობის შენარჩუნებისა და უფრო მდგრადი სომხეთის მხარდასაჭერად. ეს თანხები მოხმარდება სხვადასხვა ინიციატივას, მათ შორის ნაღმების გაუვნებელყოფის ტრენინგებსა და აღჭურვილობას, ისევე როგორც რეგიონში ნდობის განმტკიცების ზომებს“, - აღნიშნა კაია კალასმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარ მარტა კოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„პარალელურად, სომხეთი, რა თქმა უნდა, სხვა გამოწვევების წინაშე დგას. რუსეთი და მისი მოკავშირეები უკვე აძლიერებენ დეზინფორმაციულ კამპანიებს სომხეთში მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ ვხედავთ იმავე ქსელებს, რომლებიც მოლდოვაში იყო განლაგებული და აქტიურად მოქმედებდა, ასე რომ, სამოქმედო გეგმა იდენტურია. ევროკავშირის დაფინანსება ასევე მოიცავს უცხოური ჩარევის გამოვლენას, ანალიზსა და მასზე რეაგირებას“, - დასძინა მან.
0
1