02/06/2023
09:31
მსოფლიო
კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სირიაში მებრძოლი კერძო სამხედრო კომპანია სლავური კორპუსის ყოფილმა წევრმა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა, დმიტრი უტკინმა, ზედმეტსახელად "ვაგნერმა" პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა. ის კადიროველების კრიტიკულ კომენტარებს გამოეხმაურა.
უტკინმა შეტყობინება საკუთარი ზედმეტსახელი "ვაგნერით" ტელეგრამ-არხ Разгрузка Вагнера-ზე გაავრცელა.
"მე დავიწყებ. მივმართავ ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგომედ დაუდოვს.
ჩვენ უკვე ვიმყოფებით მესამე მსოფლიო ომში და მიმდინარე მოვლენებზე სრულად გეთანხმებით - გარკვეული მოქალაქეები კედელთან უნდა დააყენო იმ სირცხვილისთვის, რაც სახეზეა;
კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერში არასდროს ყოფილა, არაა და არ იქნება პანიკური განწყობა;
ყველა პრობლემა, რომელიც ჩნდება, ჩვენთვის ხელმისაწვდომი მეთოდებით ვწყვეტთ, არ ვარღვევთ რუსეთის ფედერაციის კანონებსა და კონსტიტუციას;
საიდან მოვიდა ასეთი ფამილიარულობა, ვინ მოგცათ "შენით" და "ჟენიათი" მიმართვის უფლება;
თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ზალპური ცეცხლის სისტემები პირადად თქვენგან არ მიგვიღია;
დიახ. კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი პირველ ადგილზეა კერძო სამხედრო კომპანიებს შორის, აღიარებულია მთელ მსოფლიოში;
მუდამ მზად ვართ დავილაპარაკოთ, როგორც "კაცი კაცთან". მით უმეტეს, რომ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ ჯერ კიდევ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომებიდან". – დაწერა უტკინმა.
აქამდე ვაგნერის მთავარმა დამფუძნებელმა და დამფინანსებელმა, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარ პრესსამსახურის გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა ტელეგრამ-არხის შესახებ, რომელზეც ვაგნერის მეთაურები საკუთარ მოსაზრებებს დაწერდნენ. მან აღნიშნა, რომ ისინი გაკვირვებული არიან მიმდინარე მოვლენებით.
უტკინი არის პირი, რომლის მეტსახელის გამოც ჰქვია პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიას ვაგნერის ჯგუფი.
კადიროველებს პასუხი გასცა თავად პრიგოჟინმაც. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის მოსაზრებას, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ. პრიგოჟინის თქმით, იციან თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ მას, მათ შორის სპეციალური სატელეფონო ხაზებით.
აღსანიშნავია, რომ წარსულში კადიროვსა და კადიროველებს ვაგნერთან და ევგენი პრიგოჟინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
წყარო: tabula.ge
0
0