26/02/2023
08:21
სპორტი
სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ემპოლის“ 2:0 სძლია.
ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა ორივე გოლი მისი აქტიურობის შედეგად გავიდა და თავისი გუნდის მორიგ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ნეაპოლელები მე-17 წუთზე დაწინაურდნენ. ქართველი გარემარბის მშვენიერი გადაცემის შემდეგ პიოტრ ზელინსკიმ კარში დაარტყა, ბურთი „ემპოლის“ მცველს, ადრიან ისმაილს მოხვდა და საკუთარ კარში ჩაიჭრა, ამის გამო ქართველს საგოლე გადაცემა არ ჩაეწერა.
ხვიჩას სტატისტიკაში არც 28-ე წუთზე გატანილ გოლში მონაწილეობა დაუფიქსირდა, თუმცა სტუმრებმა უპირატესობა კვარაცხელიას აქტიურობის შედეგად გაზარდეს – ხვიჩას დარტყმა მასპინძელთა მეკარემ, გილერმო ვიკარიომ მოიგერია, დამატებაზე კი ვიქტორ ოსიმენმა სეზონში მე-19 გოლი გაიტანა.
67-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან მარიო რუი გააძევა და „ნაპოლი“ კაცნაკლული დარჩა, ამის გამო ნეაპოლელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ დაცვის გასაძლიერებლად კვარაცხელია მცველით, მატიას ოლივერათი ჩაანაცვლა.
„ნაპოლი“ 65 ქულით ლიდერია, 3 მარტს კი „ლაციოს“ უმასპინძლებს.
0
0