
აშშ-ის შტატში, ჩრდილოეთ კაროლინაში, 39 წლის მამაკაცი 11 წლის ქალიშვილის მოწამვლის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს, ჯოშუა ლი ჰუნსაკერმა იმავე ნივთიერებით [ე.წ. თვალის წვეთებით] ცოლი სასიკვდილოდ მოწამლა. ეჭვმიტანილი გასტონის ოლქის ციხეში დააკავეს.
„აღნიშნულ ინციდენტამდე, 2018 წლის სექტემბერში, ჯოშუა ლი ჰუნსაკერს ბრალი წაუყენეს მეუღლის, სტეისი რობინსონ ჰუნსაკერის, თვალის წვეთებით მკვლელობაში. გარდაცვლილის სისხლში საეჭვოდ დიდი რაოდენობის ტეტრაჰიდროზოლინი აღმოჩნდა - ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ე.წ. თვალის წვეთები და ცხვირის სპრეი შეიცავს.
აღნიშნული ნივთიერება, ჯოშუასთვის, როგორც პარამედიკისთვის, სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი იყო. ამჟამად, მას ბრალად ედება ქალიშვილის მოწამვლის მცდელობა იმავე აქტიური ნივთიერებით. კერძოდ, ჰუნსაკერმა ბავშვის სასმელში ქიმიური ნივთიერება ჩააწვეთა, რაც 2023 წლის თებერვალში გოგონასთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევებითაც დასტურდება. სამედიცინო გამოკვლევებმა ასევე აჩვენა, რომ გოგონას ორგანიზმში აღმოჩნდა „ბავშვებისთვის დაუშვებელი“ დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატი,“ - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
2019 წლის დეკემბერში, პარამედიკი დააკავეს და შემდეგ 1,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ამჟამად, შვილის მოწამვლის მცდელობის საქმეზე, ჯოშუა ლი ჰუნსაკერის სასამართლო პროცესი გრძელდება. ის ბრალს არ აღიარებს.
0
0