-share.jpg)
ფემიციდის შემთხვევა მარნეულში - სოფელ სადახლოში კაცმა ცოლი მოკლა, შვილი კი, რომელმაც მისთვის წინააღმდეგობის გაწევა და დედის დახმარება სცადა, დაჭრა.
როგორც თანასოფლელები ამბობენ, კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და კონფლიქტი იმან გამოიწვია, რომ ცოლმა მას წამლების დალევა შეახსენა.
"ძალიან მძიმე ამბავია. მამაკაცს ჰქონია ბოლო დროს ფსიქიური პრობლემები, ადრეც მკურნალობდა. რამდენჯერმე უთქვამს ცოლისთვის ჩვენ ერთ დღეს ერთად მოვკვდებითო, მაგრამ აბა რას წარმოიდგენდა ქალი, რომ მას ქმარი მოკლავდა. მამაკაცს თირკმელზე აქვს პრობლემა, კლინიკაში იწვა, მკურნალობდა. გადაწყდა თურმე, რომ ამ რამდენიმე დღეში მისთვის ოპერაცია ჩაეტარებინათ. საოპერაციოდ ემზადებოდა, ამიტომ ექიმებმა ცოტა ხნით სახლში გამოუშვეს. დანიშნული იყო ოპერაციის დღე და უკან, კლინიკაში უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა მან ეს შემზარავი დანაშაული ჩაიდინა. დანით მოკლა ცოლი. შემთხვევას მათი 28 წლის შვილი შეესწრო, ეტყობა მან გვიან ნახა რომ დანით უკლავდა მამა დედას. ბიჭი შეეცადა დედა გადაერჩინა, მის დახმარებას ცდილობდა, მამას წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ უშველა. როგორც მითხრეს, შვილსაც აქვს ცოტა დაზიანებები მიყენებული. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, ღრმა ჭრილობა იყო. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები. მათი ნათესავი ამბობს, დამნაშავე მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში გადაიყვანესო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა მისი დაკავება", - ამბობს სამირა ბაირამოვა.
შსს-მ ბრალდებული უკვე დააკავა. გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
0
0