11/10/2022
10:45
ეკონომიკა
„12 აღმოუჩენელი ღვინის რეგიონი, რომელსაც ამ შემოდგომას უნდა ეწვიოთ“, – ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს ცნობილი მოდის ჟურნალი Vogue. სტატიაში საერთაშორისო ექსპერტები ღვინის ტურიზმის მიმართულებებს ასახელებენ, სიაში მოხვდა საქართველოც.
სტატიის თანახმად, ესპანეთის, იტალიის, მექსიკის, ამერიკის შეერთებული შტატების, შვეიცარიის, საფრანგეთისა და არგენტინის რეგიონებთან ერთად, შიდა ქართლი ერთ-ერთ საუკეთესო ღვინის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.
„რადგანაც მსოფლიოში საქართველო უძველესი, ღვინის მუდმივად მწარმოებელი ქვეყანაა, კიდევ უფრო მეტად უნდა ჩანდეს, მაგრამ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არის ეს ქვეყანა ჯერ კიდევ უცნობი.
საქართველო ათწლეულები საბჭოთა მმართველობის ქვეშ იყო. ღვინის კულტურაზე ამან დიდი დარტყმა მოახდინა. წარმოებაში მხოლოდ ყურძნის ოთხი ჯიში იყო დაშვებული, მაშინ როდესაც 500-ზე მეტი ჯიშია საქართველოში. დანარჩენებს საიდუმლოდ ინახავდნენ“, – ამბობს ნატურალური ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტი და ავტორი რეიჩელ საინერი.
მისივე თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ქართული ღვინის კულტურა ხელახლა აღმოაჩინეს და ის მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა.
როგორც რეიჩელ საინერი ამბობს, შიდა ქართლში სტუმრობა თბილისიდან ადვილია.
„აქ თქვენ საათზე ნაკლებ დროში აღმოჩნდებით. შეგიძლიათ, ეწვიოთ ღვინის მარნებს, სადაც ღვინო ბუნებრივი წესებით მზადდება. როგორც საინერი ამბობს, ქართული ღვინო მიწისქვეშა ამფორაშია მოთავსებული და მას ქვევრს ეძახიან“, – წერს Vogue-ის ჟურნალისტი.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრავიის პრესსამსახური ავრცელებს.
0
0