
კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) ნატოს „სწავლების დაგეგმარების კურსი“ (NATO Exercise Planning Course 2025) გაიხსნა.
საერთაშორისო კურსი თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას, მათ კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
ერთკვირიან კურსში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 34 მსმენელიდან 16 ქართველი, ხოლო 18 უცხოელი სტუდენტია. ისინი ნატოს დოქტრინის მიხედვით ნატოს სწავლების დაგეგმვის პროცესს გაეცნობიან. სწავლების დასრულების შემდეგ კი, მათ ნატოს სერტიფიკატები გადაეცემათ.
სწავლება საპილოტე რეჟიმში JTEC-ში გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა. წელს კი, „სწავლების დაგეგმარების კურსი“, ნატოს მიერ აკრედიტებული სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების მსგავსად, JTEC-ში ტარდება. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი ინიციატივაა.
0
0