
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ახლა არ არის დრო ვლადიმერ პუტინის მიმართ შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად. მისივე თქმით, პირიქით, დასავლეთმა მოსკოვისგან დათმობები უნდა მოითხოვოს.
აღნიშნული განცხადება მელონიმ კვიპროსში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მედიის წარმომადგენლებმა მას „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინის შესაძლო მიწვევის საკითხზე დაუსვეს კითხვა.
„დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მონაწილეობას რაც შეეხება, ვფიქრობ, ახლა ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პუტინს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა და არა თავად გადავდგათ ნაბიჯი. ამერიკელებმა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, რუსეთის მიმართ გარკვეული შემხვედრი ნაბიჯები უკვე გადადგეს, თუმცა საპასუხოდ ამდენივე ნაბიჯი არ გვინახავს. ჩემი აზრით, ახლა სწორედ მათი მოთხოვნის დროა“, – განაცხადა მელონიმ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ რუსეთმა აშშ-ში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილეობის მიწვევა მიიღო. საკითხზე განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთს ელოდებიან „დიდი შვიდეულის“ ფორმატში მონაწილეობის მისაღებად, რადგან აშშ წარმატებული და პროდუქტიული სამიტის ჩატარებაზეა ორიენტირებული. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინის მიწვევის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ ამის წინააღმდეგი არ იქნებოდა.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026