-share.jpg)
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ თავის პარტნიორს, ჟურნალისტ ანდრეა ჯამბრუნოს დაშორდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, დაშორების მიზეზი ჯამბრუნოს სექსისტური კომენტარები გახდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
ანდრეა ჯამბრუნო ტელეარხ Mediaset-ზე ახალი ამბების წამყვანად მუშაობს. გასულ კვირაში გავრცელდა ნაწყვეტები ჯამბრუნოს გადაცემიდან, რომლებშიც ის უცენზურო ლექსიკას იყენებს. კიდევ ერთ აუდიოჩანაწერზე ანდრეა ჯამბრუნო კოლეგებს ეუბნება, რომ შეუძლიათ, მასთან იმუშაონ, თუ ჯგუფურ სექსში მიიღებენ მონაწილეობას.
„ჩემი ურთიერთობა ანდრეა ჯამბრუნოსთან, რომელიც თითქმის 10 წელი გრძელდებოდა, დასასრულს უახლოვდება. ჩვენი გზები თანდათან გაიყარა და ახლა ამის აღიარების დრო დადგა“, - აღნიშნა იტალიის მთავრობის მეთაურმა.
მან ასევე განაცხადა, რომ პირად ცხოვრებაში არსებული სირთულეებისთვის ყურადღების მიქცევას არ აპირებს.
„ის ადამიანები, ვინც ამით ჩემს დასუსტებას ცდილობდნენ, წარმატებას ვერ მიაღწევენ“, - აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.
მელონისა და ჯამბრუნოს 7 წლის ქალიშვილი ჰყავთ.
0
0