
ჯონდი ბაღათურია პრემიერ- მინისტრს მიმართავს და პლებისციტის ჩატარებას ითხოვს - ამის შესახებ ბაღათურია სოციალურ ქსელში წერს:
"საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ ირაკლი კობახიძეს
საქართველოში პლებისციტის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა:
ბატონო ირაკლი,
მოგმართავთ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი
რათა მოვითხოვოთ საყოველთაო გამოკითხვის დანიშვნა.
მიგვაჩნია, რომ ზელიაუფლებების მრავალი წლის წინანდელი არჩევანი, დღეს აცდენილია გლობალურ და პოლიტიკურ რეალობას
რადგან ის ინსტიტუტები, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფოდა, ფაქტობრივად აღარ არსებობენ იმ სახით, როგორც ეს ადრე წარმოგვედგინა.
ჩვენი მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფუნდამენტურ ფაქტებს:
1. ნატოს გაფართოების პროცესის ოფიციალური დასასრული: აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ 2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია (NSS 2025) პირდაპირ აცხადებს, რომ ნატოს გაფართოება აღარ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების პრიორიტეტს. მეტიც, ვაშინგტონის ოფიციალური კურსია „ხელი არ შეუწყოს ნატოს მუდმივ გაფართოებას“, რაც საქართველოსთვის ალიანსის კარს საბოლოოდ კეტავს.
2. ალიანსის შიდა რღვევა და უსაფრთხოების გარანტიების კოლაფსი: დღეს მოწმენი ვართ უპრეცედენტო მოვლენის, როდესაც ნატოს ლიდერი ქვეყანა, აშშ, ღიად გამოხატავს ტერიტორიულ პრეტენზიებს ალიანსის მეორე წევრის, დანიის სამეფოს მიმართ (გრენლანდიის საკითხი) და არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას მოკავშირის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ნატო აღარ წარმოადგენს ტერიტორიული მთლიანობისა და კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიას.
3. ევროკავშირის სისტემური და იდეოლოგიური კრახი: სრულად ვიზიარებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებებს იმის შესახებ, რომ ევროკავშირი, თავისი დღევანდელი ბიუროკრატიული სახით, კრიზისშია. ევროკავშირის დროშა დღეს ხშირად ასოცირდება გარე ჩარევასთან, სუვერენიტეტის შეზღუდვასა და ეროვნული იდენტობის წაშლასთან.
როგორც ბატონმა პაპუაშვილმა სამართლიანად აღნიშნა, ევროკავშირი იმ სახით, როგორიც ჩვენ გვჭირდებოდა, პრაქტიკულად მკვდარია და მისი რეანიმაციის პერსპექტივა აღარ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2008 წლის პლებისციტის შედეგებზე აპელირება, დღეს არის პოლიტიკური ანაქრონიზმი.
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 8 პრიმა მუხლის შესაბამისად, გთხოვთ, თქვენი აქტით დანიშნოთ პლებისციტი (საყოველთაო გამოკითხვა) შემდეგ კითხვებზე:
1. თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში?
2. თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველო გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?
ხალხმა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ ახალი, შეცვლილი მსოფლიო წესრიგის პირობებში.
პატივისცემით,
საინიციატივო ჯგუფი" - წერს ჯონდი ბაღათურია
0
0