
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებულ სრულ ფაილებს დღეს გამოაქვეყნებს.
მისი თქმით, ამ ფაილებს ხალხი ათწლეულების განმავლობაში ელოდა.
„გამოვაქვეყნებთ კენედის ყველა ფაილს, ხალხი ამას ათწლეულების განმავლობაში ელოდა. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რაოდენობის დოკუმენტები, ბევრი წასაკითხი გექნებათ. მე ვთქვი, რომ არაფერი არ დაერედაქტირებინათ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ დოკუმენტების საერთო რაოდენობა „დაახლოებით 80 000 გვერდია“.
იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ჯონ კენედის, რობერტ კენედის, ასევე მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობებთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს, დაახლოებით 2 400 ახალი ჩანაწერი, რომლებიც ჯონ კენედის მკვლელობასთან არის დაკავშირებული.
0
0