-share.jpg)
პარტია „გირჩის“ ლიდერი და ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია „პალიტრას“ ეთერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯობდა, ფული მათთვის გადაეხადათ, ვიდრე ლობისტურ კომპანიებში.
მისი თქმით, სააკაშვილს არ სჭირდებოდა მესიჯბოქსი, რომელიც ჰქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
„იმ ღონისძიებებმა, რომელიც გატარდა, ჯერჯერობით ვერ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ჯობდა, რომ ფული ჩვენთვის გადაეხადათ, ვიდრე ლობისტურ კომპანიებში. ჩემი რომ ყოფილიყო ეს ფული, ვეტყოდი, რომ ზოგადად, არ ღირს მუშაობა იმაზე, რომ ევროკავშირში იყოს დადებითი განწყობა შენს პატიმრობასთან დაკავშირებით, ქართველ ხალხში რომ იყოს, ეს სჯობია.
ვიმუშავებდით იმაზე, რომ ქართველ ხალხს მოეთხოვა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ან შეცოდებოდათ, ან ეპატიებინათ, ან ჩაეთვალათ, რომ საკმარისად დაისაჯა უკვე, აქედან ერთ-ერთ სტრატეგიას ავირჩევდი, ან ორს, რომელიც ერთმანეთთან თავსებადია და ვიმუშავებდი ქართველ ხალხზე, მე რომ მისი პიარკამპანიის მენეჯერი ვყოფილიყავი. ამას არ სჭირდებოდა მესიჯბოქსი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მან თითქოს სცადა ადამიანებისთვის თავის შეცოდება, „ავად ვარ“ თემატიკით, მაგრამ არ იყო მაინც ბოლომდე დამაჯერებელი კრიტიკული ხალხისთვის“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
0
0