
ნიუ-იორკში, მსოფლიო ლიდერების შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოების მოწოდებით გამოვა. ამის შესახებ The Telegraph წერს. ამ თემაზე თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენელმა ჯონ კირბიმაც ისაუბრა.
კირბის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი გაეროს წევრ 193 ქვეყანას სთხოვს „შეხედონ უშიშროების საბჭოს არქიტექტურას“.
გამოცემის თანახმად, ბაიდენს სურს ხუთი ან ექვსი ახალი მუდმივი წევრის ჩართვა, მათ შორის ინდოეთის, ბრაზილიის, გერმანიის, იაპონიისა და სამხრეთ აფრიკის.
ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ჰყავს. ესენი არიან ჩინეთი, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. მას ასევე ჰყავს 10 არამუდმივი წევრი, რომლებიც არჩეული არიან ორი წლის ვადით.
თეთრ სახლში The Telegraph-თან საუბრისას კირბიმ თქვა, რომ პრეზიდენტ ბაიდენს მიაჩნია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს არქიტექტურა უნდა იყოს „უფრო ინკლუზიური და ყოვლისმომცველი“.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს ვეტოს წესების ან წევრობის სტრუქტურის შეცვლას, კირბიმ თქვა: „ჩვენ, უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ დროა, ვისაუბროთ ორგანიზაციის არქიტექტურაზე. ვფიქრობ, შეერთებული შტატები, პრეზიდენტი ბაიდენი, მხარს დაუჭერენ წევრების რაოდენობის გაზრდას.“
უშიშროების საბჭოს რეფორმა მოითხოვს გაეროს წესდებაში ცვლილებების შეტანას. ამას შესაძლოა ვეტო დაადოს ჩინეთმა და რუსეთმა, რომელთა უფლებამოსილებები რეზოლუციების და სანქციების დაბლოკვასთან დაკაშირებით, შესაძლოა, შემცირდეს ამ რეფორმის შედეგად.
აშშ-ს და გაეროს ოფიციალურმა პირებმა ამერიკულ მედიას განუცხადეს, რომ ბაიდენს შეუძლია შესთავაზოს ადგილები ახალ მუდმივ წევრებს ვეტოს გარეშე.
0
0