16/01/2025
11:00
მსოფლიო
დღეს ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს დემოკრატიას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მოსახლეობისთვის გამოსამშვიდობებელი მიმართვისას განაცხადა.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, სურს, გააფრთხილოს ამერიკის მოსახლეობა ოლიგარქიის განვითარების შესახებ და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ზედმეტად მდიდარი ადამიანების მიმართ იგივე მოლოდინების არსებობა, რაც მუშათა და საშუალო კლასის მოქალაქეების მიმართ არსებობს.
„მსურს, გავაფრთხილო ქვეყანა ზოგიერთი რამის შესახებ, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს ჩემში. ეს არის ძალაუფლების საშიში კონცენტრაცია ძალიან მცირე რაოდენობის უკიდურესად მდიდარი ადამიანების ხელში. დღეს ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ყველასთვის წინსვლის სამართლიან შანსს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, ბაიდენმა თავისი მიღწევების შეფასებისას მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისტორია, შეიძლება, მას სხვაგვარად უყურებდეს.
„დრო დასჭირდება იმის სრული გავლენის შეგრძნებას, რაც ჩვენ ერთად გავაკეთეთ. მაგრამ თესლები დათესილია, ისინი გაიზრდებიან და აყვავდებიან მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“, – აღნიშნა ბაიდენმა გამოსამშვიდობებელ მიმართვაში.
მან ასევე საგარეო პოლიტიკის მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ როგორ გააძლიერა ნატო.
ასევე, ბაიდენის თქმით, უკრაინა თავისუფალია და აშშ-მა გაუსწრო თავის კონკურენტებს, მათ შორის ჩინეთს.
სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე ბაიდენმა ისაუბრა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაზეც.
0
0