07/10/2021
12:15
საზოგადოება
5 ოქტომბერს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფეისბუქგვერდზე ნაკრძალში გადაღებული ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესხმის თავს მგელი ჯიხვს, იშვიათი კადრები ველური ბუნების ექსპერტმა, ნიკა ქერდიყოშვილმა გადაიღო.
ნიკა ქერდიყოშვილი ზოოლოგია და ველურ ბუნებას იკვლევს, ნიკა ირმის მყვირალობის დასრულების შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე დასაკვირვებლად წავიდა, დაინტერესებული იყო თუ რა ტერიტორიებს იკავებენ ზამთრის დადგომის პერიოდში ჯიხვები და ირმები:
როგორც ნიკა ამბობს, ჯიხვების ქცევა, ჩვეულებრივს არ გავდა, მათი დაფრთხობის მიზეზი, მისი ახლოს გამოჩენა ეგონა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ჯიხვებს უკან მოჰყვებოდა მგელი, იყვნენ მდედრი ჯიხვები, პატარა ფოთრები და იყო, ასევე, ზრდასრული დიდი ხარ-ჯიხვი. ხარ-ჯიხვმა ჯოგის დაცვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, შეუტია მგელს, რქებით გაიწია მისკენ, ცოტა გაიბრძოლეს და მერე ხარ-ჯიხვი გაიქცა, რომ მგელი რაც შეიძლება შორს გაეტყუებინა მისი ჯოგისგან.
მგელმა გადაწყვიტა ჯიხვის შვილის, ფოთრის მონადირება, თუმცა ეს მამაცი ხარის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია და დათოვლილი ალპური ფერდობებიდან დაეშვა მგელთან შესაბმელად, ეს ყველაფერი საოცრად არის დაფიქსირებული ფოტოზე.
მსგავს მომენტში, მგლის შანსი ჯიხვთან პრაქტიკულად ნულის ტოლია, ჯიხვის სტრატეგიამ გაამართლა, რადგან კლდიან და თოვლიან ადგილას მგელს არ შეუძლია ჯიხვს დაეწიოს.
პირისპირ დგომამ რამდენიმე წამს გასტანა, რის შემდეგაც ხარმა სტრატეგია შეცვალა და მგლის გატყუების მიზნით, თავქვე დაეშვა.
როგორც ნიკა ქერდიყოშვილი ამბობს: ,,პირველი შეტაკების მერე მეორე შეტაკებაც იყო თოვლში. ისევ იმარჯვა ჯიხვმა, გათავისუფლდა მგლისგან და კლდიან ადგილებს შეეფარა, სადაც მგელი ვეღარ გაჰყვა. საკმაოდ შორს გაიტყუა, ნახევარი კილომეტრით მოაშორა და ამასობაში მისი ჯოგიც კარგა შორს წავიდა. კლდის ფერდებს შეუყვნენ ნელ-ნელა.''
,,მთელი დღე იქ ვიყავი. ცოტა ხანს დაისვენეს მგლებმა, საკვების მოპოვების მცდელობის დროსაც კი ისინი დიდ ენერგიას ხარჯავენ, არ გაუმართლათ, ვერ მოიპოვეს საკვები, ცოტა ხანს დაისვენეს, თოვლი შეჭამეს, სხეული გაიგრილეს და სხვა მსხვერპლის მოსაძიებლად წავიდნენ,” – ასე აღწერს ნიკა ქერდიყოშვილი ფოტოების გადაღების ამბავს.
ნიკამ თქმით, მგლისა და ჯიხვის შერკინებას ის 60-70 მეტრის დისტანციიდან იღებდა.მოულოდნელი აღმოჩნდა ასეთი კადრები. ნიკა მიიჩნევს, რომ ძალიან გაუმართლა, ცხოველების ბრძოლას რომ შეესწრო. მისი თქმით, ჯიხვისა და მგლის დაპირისპირება კავკასიასა და საქართველოში ჯერ არავის გადაუღია:
„ბევრი მტაცებელი ცხოველი შემხვედრია, ველურ ბუნებაში ფილმების გადაღებაშიც ვიღებ მონაწილეობას, გადამიღია მგლებმა და დათვებმა როგორ მოიშორეს თავიანთი წრიდან ახალგაზრდა დათვი, შემხვედრია ფოცხვერი, მგელი, მაგრამ როცა მტაცებელი თავს ესხმის მსხვერპლს, ეს პროცესი პირველად გადავიღე,” – ამბობს ნიკა ქერდიყოშვილი.
0
0