
სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა გაეროდან, ევროკავშირიდან და ეუთო-დან დაადასტურეს მოლაპარაკებების გადადება, რომელიც დაგეგმილი იყო მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს.
თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება თებერვლის ნაცვლად, აპრილში ჩატარდეს დისკუსიების მორიგი რაუნდი, „ვადებთან დაკავშირებული პრობლემების გამო“.
„თუმცა, თანათავმჯდომარეები ადასტურებენ მზადყოფნას პირადად მიიღონ მონაწილეობა კონსულტაციებში ყველა მონაწილესთან, როგორც ზოგადად პროცესზე, ასევე კონკრეტულად, მომავალ შეხვედრაზე“ - ნათქვამია განცხადებაში.
იმავდროულად, რუსეთი მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს მოსკოვში 3 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრის გამართვას ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ რუსულმა მხარემ მიიღო შეტყობინება 21-22 თებერვალს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების მორიგი 57-ე რაუნდის გაუქმებისა და 4-5 აპრილისთვის გადადების შესახებ. ზახაროვას თქმით, ამ გადაწყვეტილების დასაბუთება იყო არგუმენტი, რომ თებერვლის ვადა "არ არის შესაფერისი ყველა მონაწილისთვის".
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დეფატო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის შესვლა აეკრძალა. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.
0
0