16/08/2023
18:30
პოლიტიკა
"ჯელაძე არის გულიანი, ვაჟკაცი, რაჭველი კაცი. მე მას შევხვდი, ვისაუბრეთ" - ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარტიის თავმჯდომარემ სინანული ამოთქვა იმ მიზეზის გამო, რომ დავით ჯელაძეს გული ატკინა მისმა განცხადებებმა.
„ისეთი გზა აქვს მას გამოვლილი ამისათვის თავის პატარა დისშვილთან ერთად, თავის თავს აჯობა, წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული. ეს მინდა, აუცილებლად გითხრათ. რაც შეეხება შეკითხვებს, პირველ რიგში, მინდა, განვმარტო, რაზე იყო საუბარი. იყო ბრიფინგი, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე ბრიფინგის დროს. ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში სრულიად ყალბი ფოტოები, აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი, ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და ზუსტად რა იყო ასახული ამაზე. აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში, რომ ეს ფოტო იყო დათო ჯელაძის მიერ დადებული და ასევე გავიმეორებ, რომ პირადად მომიყვა ისტორია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადახდა. პირველ რიგში, სინანული, მინდა, გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ გული ვატკინე, რაც მან თქვა, რაც არის დასანანი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, საუბარი, მან განმარტა თავისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი, მთავარი არის, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა ის, გადარჩა მისი დისშვილი, გადარჩა მისი ოჯახი და ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა თავის დისშვილთან ერთად“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც ცნობილია, სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე, ირაკლი კობახიძის რამდენიმე დღის წინანდელმა განცხადებამ გაანაწყენა.
ჯელაძემ კობახიძის ძველ განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა:
„ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, თუ არ დამირეკავდა – ეს როგორ შეძელიო, მაგ დღით ვიღვიძებდი. დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა… თურმე, რაც მოვყევი და გადამხდა თავს, ყველაფერი ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე…" - განაცხადა რამდენიმე დღის წინ ჯელაძემ.
0
0