ამერიკელი სენატორი და რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვენსი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ხელახლა წარდგენილ ბრალდებას, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობას უწოდებს. ვენსი მიიჩნევს, რომ განახლებული ბრალდება იურიდიულად ძველის მსგავსია.
„ეს არჩევნებზე გავლენის მცდელობაა. პროკურორ ჯეკ სმიტს უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის. სწორედ ეს არის ერთ-ერთ მიზეზი თუ რატომაც უნდა მოვიგოთ, იმიტომ რომ ის ძალაუფლებასთან ახლოსაც არ უნდა იყოს“, - განაცხადა ვენსმა.
თავად დონალდ ტრამპმა ჩანაცვლებულ საბრალდებო ოქმს ალქაჯებზე ნადირობა და ამერიკელი ხალხის ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა.
2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ახალი საბრალდებო დასკვნა წარადგინა. ახალი ბრალდებიდან ამოღებულია საქმის ის ნაწილი, სადაც უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტით დაცულად მიიჩნია.
0
0