
რუსებთან მოლაპარაკებისას ტარიფები უფრო ეფექტური ხერხია, ვიდრე სანქციები, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „ნიუსმაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„უნდა განასხვავოთ ტარიფები და სანქციები. ტარიფები ეფექტური ხერხია რუსებთან მოლაპარაკებისას. სანქციები ათწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა მსოფლიოს მასშტაბით და არ ვფიქრობ, რომ ისინი საკმარისად კარგად მუშაობს“, – აღნიშნა ჯე დი ვენსმა.
მისი თქმით, სანქციებმა აშშ-ის ეკონომიკას, შეიძლება, დიდი ზიანი მიაყენოს და ვერ მივიღოთ საჭირო შედეგი.
„პრეზიდენტი ძალიან გააზრებულად იქცეოდა და არ დააწესა საყოველთაო სანქციები“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.
მისი თქმით, რუსეთის შემთხვევაში მთავარი ეკონომიკური ძალა ნავთობია, რომელსაც ჩინეთზე და ინდოეთზე ყიდიან.
„ამიტომ ტრამპი მუშაობდა ინდოეთთან და ჩინეთთან, რათა შეამცირონ ნავთობის შესყიდვა“, – განაცხადა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პროცესმა ადმინისტრაციის წევრების, მათ შორის მისი და დონალდ ტრამპის მოთმინებაც გამოსცადა.
„დიახ, ზოგჯერ გამაღიზიანებელია და ზოგჯერ ტრამპის მოთმინება იწურება ყველასთან მიმართებაში, ვინც ჩართულია, მაგრამ ვიდრე ის ამაზე მუშაობას აგრძელებს, ვფიქრობ, პრეზიდენტს სჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა შეუძლია“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
1
0