
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გააკრიტიკა ევროკავშირის მიერ ციფრული წესების დანერგვა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა არ უნდა შეუტიოს ამერიკულ კომპანიებს სისულელის გამო.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკომისია X-ს ასობით მილიონი დოლარით დააჯარიმებს ცენზურის არარსებობისთვის. ევროკავშირმა ამერიკულ კომპანიებზე სისულელის გამო თავდასხმის ნაცვლად მხარი უნდა დაუჭიროს სიტყვის თავისუფლებას“, – წერს ვენსი სოციალურ ქსელში.
ჯეი დი ვენსს მადლობა გადაუხადა სოციალური ქსელის X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა და აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტის განცხადებისთვის მადლიერია.
ევროკომისიამ X-ის წინააღმდეგ გამოძიება ევროკავშირის შიგნით მოქმედი წესების შესაძლო დარღვევების გამოსავლენად 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. სოციალური ქსელი ეჭვმიტანილია უკანონო კონტენტისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის წესების, ასევე გამჭვირვალობის ვალდებულებების დარღვევაში და მომხმარებელთა შეცდომაში შესაძლო შეყვანაში, რაც დაკავშირებულია ვერიფიკაციის ნიშნებთან. „ციფრული მომსახურების აქტი“, რომელიც ევროკავშირში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა, მსხვილი ონლაინ-პლატფორმების მუშაობას არეგულირებს. წესები ეხება უკანონო კონტენტს, გამჭვირვალობას, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვას. კანონმდებლობის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა კომპანიის გლობალური ბრუნვის 6%-მდე ოდენობით.
1
0