
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მიროსლავ ლაიჩაკი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური მედია რობერტ ფიცოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მიროსლავ ლაიჩაკმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც სექსუალურ კრიმინალთან, ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირი გამჟღავნდა.
რობერტ ფიცომ თანამდებობის დატოვების შესახებ ლაიჩაკის განცხადება დააკმაყოფილა.
ამასთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მიროსლავ ლაიჩაკის მიმართ მედიასაშუალებების დამოკიდებულება და მათ „თვალთმაქცები“ უწოდა.
მისივე თქმით, მედიაში გავრცელებული სათაურები „ისეთი პრეტენზიული იყო, თითქოს პრეზიდენტის გადადგომაზე ვსაუბრობდით“ და არა „პრემიერ-მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრის“.
„მირომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შესანიშნავი დიპლომატია და მე ვეთანხმები მის წინადადებას ჩვენი თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენგანი, და არამხოლოდ მე, დიპლომატიასა და საგარეო პოლიტიკაში გამოცდილების წარმოუდგენელ წყაროს ვკარგავთ“, – განაცხადა ფიცომ.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ე.წ. ეპშტეინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა, მათ შორის ორი ათასი ვიდეო და 180 ათასი ფოტო. მასალა ავლენს ეპშტეინის კავშირს რამდენიმე ცნობილ ფიგურასთან, მათ შორის სლოვაკეთის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან.
ლაიჩაკმა თავდაპირველად ეპშტეინთან რაიმე სახის კავშირი უარყო და განაცხადა, რომ „ვერ ხვდებოდა“, როგორ შეიძლებოდა, მისი სახელი შეტყობინებებში ყოფილიყო. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ შეტყობინებების ავთენტურობას ვერ ადასტურებდა, რადგან ისინი დიდი ხნის შემდეგ აღარ ახსოვდა. თუმცა, იქვე დასძინა, რომ საუბარი არაფორმალური და მსუბუქი იყო, ყოველგვარი რეალური შინაარსის გარეშე. მომხდარის გამო ლაიჩაკმა განაცხადა, რომ პირდაპირ პრემიერ-მინისტრს დაელაპარაკებოდა და გადადგომას შესთავაზებდა. მისი გადადგომა არა მხოლოდ ოპოზიციამ, არამედ კოალიციის წევრებმაც მოითხოვეს.
1ტვ.
0
0
ვერცხლისა და ოქროს ფასები რეკორდულად დაეცა
01/02/2026